რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას?

თენგიზ შერგელაშვილი, თამარ გურჩიანი, დავით ლოსაბერიძე და ლიზი სოფრომაძე
Teaser Image Caption
თენგიზ შერგელაშვილი, თამარ გურჩიანი, დავით ლოსაბერიძე და ლიზი სოფრომაძე

რატომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული პროცესებისთვის და არის თუ არა რეფორმა, რომელიც საქართველოში ამ კუთხით მიმდინარეობს, რეალური რეფორმა, რამდენად პასუხობს იგი დეცენტრალიზაციის და ფინანსური დამოუკიდებლობის მოთხოვნებს, რამდენად შეუწყობს იგი ხელს საზოგადოებრივ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა პრობლემებმა იჩინა თავი  რეფორმის განხორციელებისას, რა კომპრომისებზე მოუწია წასვლა ხელისუფლებას რეფორმაზე მუშაობის პერიოდში - ის ძირითადი კითხვებია, რაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ჩატარებულ დისკუსიას ლაიტმოტივად მიჰყვებოდა. ეს თემა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

მომხსენებლებმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისკენ გადაიდგა. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის,

დავით ლოსაბერიძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლების დროს იყო მცდელობები და ნაბიჯები, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელო თუ ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო. მაგრამ ამ პროცესების განვითარებას ზოგჯერ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უშლიდა ხელს, ძირითადად კი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები წლების განმავლობაში მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა. მისივე თქმით, როცა რეფორმაზეა საუბარი, ის ძირითადი უფლებამოსილებები უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში - გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი სერვისების მიწოდება საზოგადოებისთვის და საზოგადოების მონაწილეობა იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლის წინაშეც დგას იგი.   

კიდევ ერთმა გამომსვლელმა, - რეგიონული განვითარების  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა ლიზი სოფრომაძემ ადგილობრივი დემოკრატიისთვის საზოგადოების მზაობაზე ისაუბრა. მანვე აღწერა რეფორმის დაწყების და მიმდინარეობის პროცესი. ლიზი სოფრომაძეს მიაჩნია, რომ ადამიანებთან, რომელთა ცხოვრებაზეც გავლენა უნდა იქონიოს ამ რეფორმამ, მეტი ურთიერთობაა საჭირო.

რეფორმა არის აწმყო-განგრძობით დროში - ასე შეაჯამა თვითმმართველობის რეფორმა, გამოთქმული შენიშვნები, მოლოდინები, შედეგები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ. მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც გადაიდო საზოგადოებრივი საბჭოების თემა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დამატებითი მექანიზმების ჩასადებად. ასევე ისაუბრა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" მიღებულ ცვლილებებზე და მათი მიღების პროცედურაზე, გუბერნატორის ინსტიტუტზე, სერტიფიცირების სისტემაზე, როგორც კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე.