შრომითი კოდექსი და მუშათა მოძრაობა

არის თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის მტერი და რა და რატომ იცვლება მოქმედ შრომის კოდექსში, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული; არის თუ არა შრომის კოდექსი დისკრიმინაციული და შეიძლება თუ არა შრომა განხილული იყოს, როგორც საქონელი - განსხვავებული შეფასებები და მიდგომები; დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული შრომითი ურთიერთობები; შრომის კოდექსი, როგორც შედეგი ხანგრძლივი სოციალური კონფლიქტისა და მისი მოგვარების გზა; შრომითი უფლებები; სოციალური დიალოგი; მუშათა მოძრაობის გამოცდილება; გაფიცვის არსი და მნიშვნელობა; პროფკავშირების როლი შრომის უფლების დაცვაში - ეს იყო თემები, რომლებზეც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 27 თებერვალს გამართული დისკუსიის მომხსენებლებმა ისაუბრეს.

მაგრამ თემების ამ ვრცელი ჩამონათვალის მიუხედავად ძირითადი სამსჯელო საგანი მაინც მოქმედ შრომის კოდექსში ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებები გახდა.  მარინა მუსხელიშვილს, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორს, მიაჩნია, რომ მთავარი პრინციპი, რაც ახალ შრომის კოდექსს შემოაქვს, ის არის, რომ “დასაქმებული ადამიანი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ კარგად მუშაობს, მისმა დამსაქმებელმა, თუ მისი სამსახურიდან გაშვება უნდა, თავად უნდა ამტკიცოს, რომ ის ცუდად მუშაობს”.

ჟურნალ “ტაბულას” ჟურნალისტის, ელენე კვანჭილაშვილის აზრით, შემოთავაზებული ცვლილებები სერიოზულ რისკებს შეიცავს და ახალ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ღირს კი დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში მესამე მხარის ჩარევა, ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა დასაქმებული გაათავისუფლა, მესამე მხარემ კი აღადგინა და მას დამსაქმებლის გადაწყვეტილების მიუხედავად ისევ მასთან უწევს მუშაობა, ან რას ცვლის დამსაქმებლის დავალდებულება, წერილობით დაასაბუთოს ადამიანის გათავისუფლების მიზეზები და აუცილებლობა.

რატომ არ შემოვიდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რატომ არ გაუმჯობესდა მოქალაქეების საშუალო შემოსავალი და ცხოვრების დონე, როგორია ინდუსტრიის სფეროში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობა, რატომ და როგორ უნდა გააპროტესტოს საზოგადოებამ სოციალური უსამართლობა, რატომ დაიწყო მასობრივი გაფიცვები პირველი ოქტომბრის შემდეგ, რატომ უნდა შეიცვალოს მოქმედი შრომის კოდექსი - ლევან აბაშიძემ,  ორგანიზაციის, “ლაბორატორია 1918”, წარმომადგენელმა, საუბარი 2006 წლის შრომის კოდექსის ნაკლოვანებების ჩამოთვლით დაიწყო.

უნდა დაარეგულიროს თუ არა სახელმწიფომ შრომითი ურთიერთობები, რას გულისხმობს შრომითი უფლებები, ან რატომ მიაჩნია, რომ მოქმედი შრომის კოდექსი არათუ არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, არამედ ველური ურთიერთობებისკენ უბიძგებს დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც, რამ გამოიწვია ბოლო წლებში პროფესიული კავშირების როლის დაკნინება და რისი გაკეთება შეძლეს მათ მიუხედავად ამისა მშრომელებისთვის - გოჩა კვარაცხელიამ, საქართველოს პროფესიული კავშირების თვამჯდომარის მოადგილემ აქცენტები ამ საკითხებზე გააკეთა. 

“დამსაქმებლები ჩვენთვის ისეთივე ღირებულებაა, როგორც დასაქმებულები, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ღირებულებაა კონსესუსი. ჩვენი მთავარი ღირებულებაა ისეთი კანონმდებლობა, რომელსაც ყველა იღებს, რომელიც მეტნაკლებად ყველას ინტერესებს გამოხატავს” - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც შრომის კანონმდებლობაში უნდა შევიდეს. მან ისაუბრა სამუშაო პროცესზე, იმ ეტაპებზე, რაც გაიარა კანონპროექტმა და ძირითად საკითხებზეც, რომლებიც დაექვემდებარება ცვლილებებს. ისაუბრა ამ ცვლილებების აუცილებლობაზეც, რასაც განაპირობებს ქვეყნის კურსი დასავლეთისკენ და ევროკავშირისა და მეორე მხრივ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები შრომის კოდექსის შეცვლასა და მთელი რიგი მუხლების დახვეწა-გაუმჯობესების შესახებ.

 

Labor Code and Labor Movement. Public Debates at the HBF South Caucasus. Part 1 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

 

Labor Code and Labor Movement. Public Debates at the HBF South Caucasus. Part 2. 27.02.2013 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube