ქართული პოლიტიკის პოლუსები: სად არის ზომიერების რესურსი

მომხსენებლები: თამარ ჩუგოშვილი, ჩარლზ ფერბენქსი და იაგო კაჭკაჭიშვილი

ზომიერების  დისკურსის არსებობა ან არარსებობა, ზომიერება პოლიტიკაში და მეორე მხრივ - რადიკალური დისკურსი და გადაწყვეტილებები, „შუაში” მყოფთა ადგილი თუ უადგილობა საზოგადოებაში, რომელიც არის მთავარი “დამკვეთი” პოლიტიკოსებისთვის მოახლოებული არჩევნების კონტექსტში. მაშინ, როცა პოლიტიკური ზომიერების დისკურსი, სამეცნიერო, აკადემიურ ლიტერატურაში მიუკერძოებლობის დისკურსად აღიქმება და იმის მიხედვით, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, რაც უფრო ძლიერია ასეთი ფენა საზოგადოებაში, მიიჩნევა, რომ პოლიტიკური რყევები მით უფრო ნაკლებად ხდება, რატომ ასოცირდება იგი საქართველოში მეტწილად „უპოზიციობასთან” - ამ თემებს მიეძღვნა 2012 წლის 4 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია სახელწოდებით „ქართული პოლიტიკის პოლუსები: სად არის ზომიერების რესურსი”. 
 
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ჩარლზ ფერბენქსი, პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თამარ ჩუგოშვილი, იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

„არის თუ არა საქართველოს პოლიტიკური დისკურსი და ქმედება ექსტრემისტული”, ამ შეკითხვით მიმართა ჩარლზ ფერბენქსმა შეკრებილ საზოგადოებას და დასძინა, რომ „უმეტესობა ალბათ ფიქრობს, რომ ეს მართლაც ასეა”.  ექსტრემიზმს შეიძლება ბევრი სხვა წყარო ჰქონდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წყარო არის საბჭოთა პოლიტიკური დისკურსი, ფიქრობს ჩარლზ ფერბენქსი. მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და „შუამავალი ასოციაციები, შუალედური რგოლები, ძალიან სუსტია საქართველოში”.

იაგო კაჭკაჭიშვილმა ქართულ რეალობაში არსებულ ზომიერების რესურსზე ისაუბრა. მას ზომიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად ის მიაჩნია, რომ ოპოზიციური კოალიცია გამორიცხავს პოლიტიკაში მოსვლას ძალისმიერი მეთოდებით და არჩევნებს ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ ლეგიტიმურ გზად მოიაზრებს. მისი აზრით, ზომიერების რესურსია ისიც, რომ მისი აზრით ღირებულებითი განსხვავებები არ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება” ერთ პოლიტიკურ მონოლითად ჩამოყალიბდეს და მოახდინოს ძალაუფლების ან ხელისუფლების უზურპაცია, ისე როგორც მოხდა ეს ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში. ზომიერების რესურსია ასევე  „კომპრომისები, რომლებიც ხელისუფლებამ მძაფრი კონკურენციის პირობებში დაუშვა მთავარ კონკურენტთან გამკლავების გზაზე”. 

„ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მერე მქონდა განცდა, რომ აქამდე ვიყავით ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი, ახლა გავხდით ორივე მხრიდან თავდასხმის ობიექტი. და ვხედავ საჭიროებას მუდმივად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოების როლი, მით უმეტეს საარჩევნო პროცესებში და როგორი შეიძლება იყოს დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ“, ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. რატომ მივიჩნევთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს აღარ არის ძლიერი, არის ეს სიმართლე თუ სტერეოტიპი ან რა წვლილი მიუძღვის სამოქალაქო საზოგადოებას ქართული დემოკრატიული ღირებულებების ბოლოდროინდელი წარმატებების მიღწევაში. თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ დღეს იმ ორგანიზაციის მთავარი მოვალეობა, რომელიც არჩევნებს უნდა დაკვირდეს, მიუკერძოებლობაა, თუმცა ეჭვობს, რომ ამაზე იყოს დაკვეთა საზოგადოების მხრიდან.