რატომ შენდება ლაზიკა?

Lazika

20 აპრილს, ჰაინრი ბიოლის ფონდის ინიციატივით ფოთში გამართული მორიგი საჯარო დისკუსიის თემა იყო "რატომ შენდება ლაზიკა?!"

შეკითხვა რიტორიკულია, რადგან, როგორც დისკუსიის მოდერატორმა ირაკლი აბსანძემ თავიდანვე აღნიშნა, რთულია სერიოზულად იმსჯელო პროექტზე, რომლის დამადასტურებლად არც პროექტი არსებობს და არც რეალური ხარჯთაღრიცხვა.

ლაზიკის, როგორც საქართველოში მეორე უდიდესი ქალაქის აშენების აუცილებლობის დასადასტურებლად, ჯერ-ჯერობით, პოლიტიკური ნების გარდა, რაიმე ემპირიული ღირებულების მქონე დოკუმენტი არ არსებობს.

შეხვედრაზე ექსპრტად მოწვეულმა ოთარ კიკვაძემ კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტიდ აღნიშნა: "პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არანაირი გეგმა არ არის წარმოდგენილი, აქედან, ამ გადასახდიდან, შეიძლება ცოტა უტოპიურად მოგვეჩვენოს ეს იდეა, იმიტომ რომ აქ როგორც აცხადებენ, ამ ქალაქში უნდა იცხოვროს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა 10 წლის განმავლობაში და ეს იქნება საპორტო და ტურისტული ტიპის ქალაქი. მოდით განვიხილოთ თითოეული კომპონენტი, ჩემი აზრით, ტურისტული კომპონენტი ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლები იყოს, იმიტომ რომ, თუკი მოხდება ჭაობების დაშრობა და იქ არსებული ფლორის და ფაუნის განადგურება, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს იმ ტერიტორიაზე, ბუნებრივია, მაშინ, ტურისტულ  მიმზიდველობას ეს ქალაქი დაკარგავს, რაც შეეხება საპორტო მნიშვნელობას, აქაც გასავალისწინებელი იქნება ის ფაქტორები, რომ არ ბათუმს და არც ფოთს გააჩნია არც იმდენი დატვირთვა, რომ საჭირო იყოს აქ პორტის აშენება. გარდა ამისა, რომც გაკეთდეს იქ კარგი პორტი (როგორც ამბობენ ყველაზე კარგი მისადგომები ამ ქალაქს გააჩნია), წარმუდგენელია ასი ათასი ადამიანი დასაქმდეს ერთ პორტში, ყველა მცხოვრები იქ ვერ იქნება დასაქმებული, ამიტომ, ეს ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, შესამუშავებელია ბიზნეს გეგმა, უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული მიმართულებები, თუ რა გზით წავა ეკონომიკური პოლიტიკა ამ ქალაქში. რაც შეეხება თანხების მოზიდვას, ამ შემხვევაში შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე გზა არსებობს. ამისთვის საჭიროა, 1,5 მილიარდი აშშ დოლარი. უნებრივია, ამის რესურსი საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, თანხების მოძიებას აპირებენ უცხოელი ინვესტორებისგან, რაც ნაკლებად სავარაუდოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას, ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში 1,5 მილიარდი არც არის და როგორ წარმოგიდგენიათ ერთი ქალაქისთვის გამოიყოს ამხელა რესურსი თუნდაც უცხოური ინვესტიციების ხარჯზე. კიდევ ერთი წყარო არის გრძელვადიანი კრედიტის აღება, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საგარეო ვალი 50%-თან მიახლოებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან და თუ ვალი 50%- გადასცდება, ეს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება."

ლაშა ზარგინავამ, ასოციაცია "მედია და საზოგადოების" თავმჯდომარე, რომელიც დიდი ხანია მუშაობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე დაგეგმილი მსხვილი ინდუსტრიული პროექტების შესაძლო ნეგატიური გავლენის შესწავლაზე მსოფლიოში ამ უნიკალურ ეკოსისტემაზე, ვრცლად წარმოადგინა შესაძლო საფრთხეები.

ბატონი ზარგინავას თქმით, მთავარი პრობლემა რელევანტური ინფორმაციის არქონაა. ლაზიკას კონკრეტული ადგილმდებარეობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებმედია და საზოგადოებამვერც ერთი ოფიციალური დოკუმენტის მოძიება ვერ შეძლო. ოფიციალური კორესპონდენცია მიმდინარეობს ყველა პასუხისმგებელ სამინისტროსთან, მაგრამ, ისინი პასუხს ვერ სცემენ. ბატონმა ზარგინავამ ვრცელი პრეზენტაციით წარმოადგინა საფრთხეები, რაც, მისი ორგანიზაციის აზრით, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მსხვილი ურბანული სხეულის შექმნას შეუძლია გამოიწვიოს.

შეკრებილი აუდიტორია აფიქსირებდა დიდ ინტერესს დასმული თემის მიმართ და ამბობდნენ, რომ მათ საიხლოვეს დაგეგმილი ამ მეგა-პროექტის შესახებ პოსტ-ფაქტუმ, ტელევიზიით პრეზიდენტის განცხადებით შეიტყვეს. იგრძნობოდა ზოგადი ნიჰილიზმი, მსგავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროექტებში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიმართ.