აივ-ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები

KNOW HIV/AIDS
Teaser Image Caption
KNOW HIV/AIDS

ძირითადი მომხსენებლები:

  • ლია თავაძე - UNAIDS-ის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი საქართველოში; 
  • ნინო ბადრიძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი, ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე;
  • მირანდა ახვლედიანი - საქართველოს სახალხო დამცველის  წარმომადგენელი;
  • კახაბერ კეპულაძე - საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" ექსპერტი.

მოდერაცია: გოგი გვახარია.

უცნობი დაავადების შესახებ, რომელიც ლეტალურად სრულდებოდა, პირველი ცნობები 70-იან წლების მიწურულს აშშ-ში, ატლანტაში მდებარე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშებში გაჩნდა. დღეს, მსოფლიოში 33 მილიონი აივ-პოზიტიური ადამიანია. საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. სულ საქართველოში, ამ პერიოდიდან მოყოლებული, 3080 აივ-პოზიტიური ადამიანია რეგისტრირებული. მათგან დაახლოებით შვიდასამდე უკვე გარდაიცვალა, ზოგი ამ, ზოგიც სხვა, თანმხლები დაავადებით. ინფიცირებულთა 3/4 მამაკაცია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრევალენტობა დაბალია, რისკები ძალიან მაღალია, რადგან ჩვენ, მსოფლიოს იმ შვიდ და რეგიონის ხუთ ქვეყანას შორის ვართ, სადაც განუხრელად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. თუმცა, არსებული პრობლემების მიუხედავად, "საქართველო არის ქვეყანა,  რომელმაც ძალიან გამართული სისტემა ჩამოაყალიბა, თუ როგორ ებრძოლოს ამ დაავადებას", - ამბობს UNAIDS-ის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი საქართველოში, ლია თავაძე.

როგორც დისკუსიაზე აღინიშნა, დაავადების გამოჩენიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც ინფორმაცია მის შესახებ საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია. ინფორმაციის ნაკლებობის საპირისპიროდ კვლავ ძლიერია სტიგმა. კვლევა, რომელიც 2011 წელს USAID-ის პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებში ჩატარდა, ცხადყოფს, რომ  გამოკითხულთა 25%-მა საერთოდ არ იცის სიტყვის "აივ-ინფექცია" მნიშვნელობა და მხოლოდ 10% პასუხობს სწორად ხუთ სტანდარტულ კითხვას აივ-ინფექციის გადაცემის გზების შესახებ. ახალგაზრდების უმეტესობა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ აივ-ინფიცირებული ადამიანები იზოლირებულები უნდა იყვნენ და რომ, მათთან ერთად არ იმუშავებდნენ.

საქართველოში არსებობს სპეციალური კანონი "აივ-ინფექცია/შიდსის შესახებ". ამას ზოგი პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, ზოგიერთი ექსპერტი კი, მათ შორის კახაბერ კეპულაძეც, დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი, ფიქრობს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი კი არა, მხოლოდ არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაა. "აივ-პოზიტიური ადამიანების უფლებების კანონში მოხსენიება ამ ჯგუფის სტიგმატიზირებაა. რა უნდა ჩაწეროთ ისეთი, რაც საქართველოს მოქალაქის უფლებებისგან განსხვავდება. რისი უფლება აქვთ მათ, სწავლის და მუშაობის? ეს უფლებები ხომ ისედაც ჰქონდათ", - ამბობს კახაბერ კეპულაძე.

დისკუსიაზე ეკლესიის დამოკიდებულებაზეც იმსჯელეს. ამ თემაზე საუბარს ბევრი დღემდე თავს არიდებს. დაისვა კითხვა, ხომ არ არის საფრთხე, ეკლესიამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს კიდევ უფრო გაუღრმავოს თვითდადანაშაულების გრძნობა, თვითსტიგმა. ამ საკითხს დისკუსია მოჰყვა. გამოითქვა აზრი, რომ ეკლესია საზოგადოების ანარეკლია, როგორიც არის საზოგადოება, ისეთივე განწყობებია ეკლესიაშიც. თუმცა ისიც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში აივ-ინფექციის პრევენციის პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები ტარდება სასულიერო პირთათვის. ასევე ითქვა, რომ თუ დანაშაულზე მიდგება საქმე, გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულია ექიმმა თქვას უარი პაციენტის მომსახურებაზე, რასაც ადგილი ბევრჯერ ჰქონია და დღესაც ხდება. თუმცა აღინიშნა, რომ თავად ექიმებში სტიგმამ საგრძნობლად იკლო.

მნიშვნელოვანია, რომ აივ-პოზიტიური ადამიანების უფლებების შელახვის არა ერთი შემთხვევის მიუხედავად, ამ საჩივრით სახალხო დამცველისთვის არავის მიუმართავს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მირანდა ახვლედიანი ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ავადმყოფებს მედიკამენტების მიწოდება თვენახევრით შეუწყდათ და ამ ფაქტით გამოწვეული შიში იმდენად დიდი იყო, რომ სწორედ მაშინ გადალახეს სტიგმა შეშფოთებულმა ადამიანებმა და მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს.

კონფიდენციალურობის დაცვას არ ემსახურება არაანონიმური ტესტირება, - ეს მოთხოვნა ძალაში 2011 წლის ივლისიდან შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ანონიმურ ტესტირებას ითვალისწინებს. "დაინტერესებულმა პირმა, თუ სურს უფასოდ ჩაიტაროს ტესტირება, პირადობის მოწმობა უნდა წარმოადგინოს", ამბობს   ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე ნინო ბადრიძე. მისივე თქმით, ამ ცვლილებამ მაშინვე დიდი დებატები გამოიწვია. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას აბრკოლებს და შესაბამისად, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტურს ხდის.