განათლების ხარისხი საქართველოში - საატესტატო გამოცდები

Image removed.

დისკუსია თემაზე "განათლების ხარისხი საქართველოში - საატესტატო გამოცდები"
19 ივლისს, ფოთში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი საჯარო დებატი გაიმართა. დებატის თემა, განათლების სისტემაში არსებული რეფორმები იყო, უფრო კონკრეტულად კი, საატესტატო გამოცდებზე გამახვილდა ყურადღება.

ძირითად მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ:
კესარია კალანდარიშვილი – ისტორიკოსი;
ქეთინო ქაჯაია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი;
თამილა წოწორია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები, აბიტურიენტები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა აზრი, რომ ქართველ ახალგაზრდებში განათლების დაბალი დონეა, რის გამოც ისინი შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხონ. ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, ამაში ლომის წილი თავად პედაგოგებს მიუძღვით, რადგან ცოდნის დონე ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი მოსწავლეებში, რომლებსაც უცოდინარი პედაგოგი ასწავლის.

აუდიტორიის აზრი ორად გაიყო, უმეტესი ნაწილი თვლიდა, რომ საატესტატო გამოცდები აუცილებელია, მაგრამ არა წლევანდელი დამამთავრებელი კლასებისათვის, რადგან ისინი სრულფასოვნად არ სწავლობდნენ ყველა საგანს და ეს განათლების არასრულფასოვან სისტემის გამო ხდებოდა.

პედაგოგებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია მანდატურებთან დაკავშირებითაც. მათი აზრით მანდატურის ინსტიტუტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუკი ისინი უშაუალოდ პრობლემურ მოზარდებთან იმუშავებენ.

შეხვედრამ ორ საათს გასტანა, შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ პედაგოგთა გადამზადების გაგრძელება.