სიძულვილის ენა საქართველოში - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის

Speakers of the debate

2011 წლის 6 აპრილს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დებატები გაიმართა თემაზე “სიძულვილის ენა საქართველოში - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის?” გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ამ საკითხზე მსჯელობის ტრადიცია - სიძულვილის ენის აქტიური საჯარო განხილვა სულ რაღაც ორიოდ წლის წინ დაიწყო – დისკუსიამ საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

დისკუსიის ძირითად მომხსენებლებს წარმოადგენდნენ ჟურნალისტი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე. დისკუსიის მოდერატორს ნინო ბექიშვილი წარმოადგენდა.

საღამო გახსნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორმა ირის კემპემ. მან ყურადღება გაამახვილა ახალ პროექტზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი განკუთვნილია საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ გენდერული უმცირესობები. ქ-ნი ირის კემპეს თქმით, პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორიც გიორგი შუბითიძეა, გათვალისწინებულია მედია-მონიტორინგის, დისკუსიების, ტრენინგების ჩატარება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რაც შეეხება სადისკუსიო საკითხს, რომელიც სიძულვილის ენას შეეხებოდა – ამ მხრივ საქართველოში მკაფიო მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოები  არ არსებობს, რაც განაპირობებს სიტუაციას, როდესაც არავინ ისჯება სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართ ღია და ე.წ. “მჩაგვრელი” ტიპის განცხადებების გაკეთების გამო. საკითხის დასმა იმგვარად, თუ “სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის” დისკუსიის პირველი მომხსენებლის – ზვიად ქორიძის მიხედვით მაცდურია, ვიდაიდან “ხვალ შეიძლება აღმოვჩნდეთ მეორე უკიდურესობის წინაშე და მოვითხოვოთ მკაცრი სადამსჯელო მანქანის შექმნა, რათა აღვკვეთოთ სიძულვილის ენა.” ზვიად ქორიძის თქმით, იმის მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შექმნილი პატარა ქვეყანა ომში აღმოჩნდა ჩათრეული, დიდწილად იმის გამოც იყო განპირობებული, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რიტორიკაში ჭარბობდა სიძულვილის ენა. 

სად ჩნდება სიძულვილის ენა? როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, სიძულვილის ენა დამახასიათებელია ან პატრიარქალური საზოგადოებისათვის, სადაც სამოქალაქო ღირებულებების ტოტალური დეფიციტია ან კიდევ ავტოკრატიული მმართველობისათვის, რომელიც ცდილობს საზოგადოება დაყოს “ჩვენებად” და “იმათად” და გაამდიდროს სტერეოტიპებით, რომელიც შემდგომში შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

დისკუსიის შემდეგმა მომხსენებელმა ზაურ ხალილოვმა ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით მედიის უარყოფით გავლენაზე – მედიის წარმომადგენლები როგორც წესი ადვილად იტაცებენ მსგავს თემებს იმ არგუმენტით, რომ ეს “თემა პოპულარულია და საზოგადოება მას კარგად იღებს.” თუმცა, როგორც ზაურ ხალილოვმა აღნიშნა, ეს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

სიძულვილის ენის გამოყენების ობიექტების ცვლილების დიმანიკაზე ისაუბრა ეკატერინე აღდგომელაშვილმა, მისი თქმით – “სიძულვილის ენის გამოყენებას თავისი დინამიკა ახასიათებს. სიძულვილის ენის ობიექტი 90-იანი წლების დასაწყისში ეთნიკური უმცირესობები იყო. შემდგომში მათ რელიგიური უმცირესობები ჩაენაცვლა. ახლა ყველაზე უფრო ხშირად სიძულვილის ენა სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოიყენება.”

შეხვედრის სადისკუსიო ნაწილის დროს განხილულ იქნა საკითხი სიძულვილის ენის რეგულირების მექანიზმების შესახებ – რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს სიძულვილის ენის აღმოფხვრისთვის ბრძოლის პროცესში, რამდენად გამართლებული იქნებოდა მკაცრი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა. დაისვა ასევე კითხვა თუ ვინ უნდა შეაფასოს თუ რა ჩაითვლება სიძულვილის ენად და რა არა, და შეიძლება თუ არა ამან მიგვიყვანოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე.