სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილები – მათი ყოველდღიური პრობლემები და ინტეგრაცია საზოგადოებაში

იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები)
Teaser Image Caption
Georgian IDPs

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნიკური კონფლიქტებიდან თითქმის ოცი წელი გავიდა, იძულებით გადაადგილება კვლავაც მძიმე მემკვიდრეობად რჩება ქვეყანაში მცხოვრები 246 000 დევნილისათვის. დევნილების ამგვარი რაოდენობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოა, რომლის მოსახლეობის ექვსი პროცენტი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოს კონფლიქტების რამდენიმე ტალღამ გადაუარა. დაახლოებით 220 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების შედეგად გახდა დევნილი. დანარჩენი კი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გახდა იძულებით გადაადგილებული სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

‘ძველი’ დევნილების უმრავლესობამ თავშესაფარი საავადმყოფოების, სკოლების, სასტუმროების, ქარხნებისა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში იპოვა; ისინი დღესაც იქ აგრძელებენ ცხოვრებას. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სახელმწიფომ დიდხანს ვერ შეძლო მათი დაცვის შესაბამისი გარანტიებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო სტრატეგია დევნილების მიმართ მხოლოდ 2007 წელს იქნა მიღებული, როდესაც რეალურად აღიარებულ იქნა დევნილთა უფლება ადგილობრივ ინტეგრაციაზე, მანამ სანამ ისინი სახლებში დაბრუნებას შეძლებენ.

2009 წლის 28 მაისს, საქართველოს მთავრობამ შეცვალა 2007 წელს მიღებული სახელმწიფო სტრატეგია და მიიღო სამოქმედო გეგმა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელმაც 2008 წლის შედეგად გადაადგილებული პირებიც მოეცვა. სამოქმედო გეგმის მიზანია დევნილებისათვის ხანგძლივმოქმედი საბინაო საკითხების მოგვარება, მათი პრობლემების გადაჭრის გრძელვადიანი გზების მოძებნა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია.

მიზნის მისაღწევად, სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად დევნილებისათვის შესაბამისი საცხოვრებელით დაკმაყოფილება დაისახა. საქართველოს მთავრობამ დაიწყო დევნილებისათვის საკუთრების უფლების გადაცემა დ აიმ კოლექტიური ცენტრების შეკეთება, რომლებიც დევნლებს საკუთრებაში გადაეცემოდათ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ დაიწყო კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და რემონტრი საქართველოს რეგიონებში. გარემონტდა კოლექტიური ცენტრები ზუგდიდში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და სხვა ქალაქებში.

სამწუხაროდ, დევნილები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები სამოქმედო გეგმისა და მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის სარემონტო პროგრამების შესახებ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა რეგიონალური განვითარების კვლევის ცენტრთან პარტნიორობით მოაწყო საჯარო დისკუსია ფოთში და მოიწვია ექსპერტები, ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად დევნილები, რათა ღიად განეხილათ ფოთში მცხოვრები შვიადიათასზე მეტი დევნილის პრობლემები.

მომხსენებლებად მოწვეულ იყვნენ: მადონა ხარებავა, არასამთავრობო ორგანიზაციის ‘დეა’ თავმჯდომარე და ირაკლი აბსანძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ‘არგომედი’ დირექტორი.  დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ლაშა ზარგინავა.

ექსპერტების მიხედვით, საქართველოს მთავრობა დევნილებისათვის ფოთში ოცდათერთმეტი ახალი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მომავალში, ასევე ასი ახალი კორპუსის მშენებლობა არის დაგეგმილი. მთავრობა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები (წყალტუბო, ზუგდიდი) დევნილების ფოთში ახლადაშენებულ კორპუსებში ჩამოსახლებას აპირებს.
ექსპერტებმა შეშფოთება გამოხატეს დევნილებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ ხდება ადგილობრივ მოსახლეობაში დევნილების ჩამოსახლების გეგმების განხილვა. აღინიშნა, რომ უმუშევრობა დიდ პრობლემას წარმოადგენს როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე დევნილებისათვის. დევნილები მოკლებულნი არიან ჯანდაცვის შესაბამის მომსახურებასა და განათლების შესაძლებლობებს.

ბოლოს, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს დევნილების გააქტიურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიურად ჩართვის და საკუთარი ინტერესების ლობირების აუცილებლობას.
2010 წლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში აწყობს საჯარო რეგიონალურ დისკუსიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თანამშრომლობს რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრთან, რომლის მეშვეობითაც დისკუსიები ეწყობა თელავში, გურჯაანში, ფოთსა და ბათუმში.