შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილი და როლი აჭარის რეგიონის განვითარებაში

უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო განათლებას ყველა ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება. ამ მხრივ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარის რეგიონი) განათლებისა დ კულტურის აღორძინება-განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე (3 ოქტომბერი) შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი დაემთხვა  უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას,  რათა დაძლეულ იქნას გამოწვევები, რომელთა წინაშე დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დგას. 

სტრუქტურული, საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებები, სასწავლო პროგრამებისა და ცოდნის შეფასების ფორმების თანამედროვე ევროპულ სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ მეთოდებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოყვანა, საერთაშორისო პარტნიორების შეძენა, კონტაქტების გაღრმავება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტთა როლის ამაღლება, ქვეყანაში უნივერსიტეტის თანამედროვე ფუნქციისა და მისიის გააზრება რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მხარდაჭერის მხრივ – წარმოადგენენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების ნუსხას, რომელთა წარმატებულად დაძლევაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული  არა მხოლოდ  ბათუმის უნივერსიტეტის, არამედ გარკვეულწილად აჭარის რეგიონის მომავალი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

ჰაინრიჰ ბიოლის ფოდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონალური განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის” მიერ ორგანიზებული 28 სექტემბრის ბათუმის საჯარო დებატების მიზანი, სწორედ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვლილი გზის, დღევანდელი გამოწვევების ანალიზისა და უნივერსიტეტის მომავალი ფუნქციისა და მისიის გააზრების მცდელობას წარმოადგენდა.

ბათუმის 28 სექტემბრის საჯარო დებატების ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ბიჭიკო დიასამიძე; ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი - გია მასალკინი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი – თამაზ დარჩიძე.

თავის გამოსვლაში პროფესორმა ბიჭიკო დიასამიძემ ხაზი გაუსვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ ადგილს ქვეყნისა და კერძოდ, აჭარის რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1978 წელს ქართული ენის დაცვა, გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ბოლოს, 2004 წლის გაზაფხულზე ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლაში უნივერსიტეტის როლი, მომხსენებლის აზრით მიუთითებენ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციაზე, რაც უდავოდ მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ითამაშებს უნივერსიტეტის მომავალ განვითარებაში.

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფოსი გია მასალკინი თავის გამოსვლაში შეეხო უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხარისხის ამაღლების, უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტთა როლის ამაღლების აუცილებლობას, რაც მისი აზრით თანამედროვე რეალობაში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის, სამომავლოდ კი, მისი ეფექტური მართვის გარანტიას წარმოადგენენ.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე დეტალურად შეეხო უნივერსიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპულ სასწავლებლებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, რაც მისი აზრით ხელს შეუწყობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრანსფორმირებას თანამედროვე კონკურენტუნარიან სასწავლებლად. 

დისკუსიის ბოლოს ექსპერტების მხრიდან აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის ამაღლების მნიშვნელობა უნივერსიტეტის მომავალი განვითარების კონცეფციის შემუშავების პროცესში. ჰაინრიჰ ბიოლის  სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მოწყობილი ბათუმის საჯარო დებატი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.