ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურომ, გოეთეს ინსტიტუტთან და DVV International-თან თანამშრომლობით, 2016 წლის 27-29 ოქტომბერს  ქალაქის მწვანე ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიებით შევეცადეთ არსებული ურბანული გამოწვევების კიდევ ერთხელ გააზრებას, ალტერნატიული განვითარების გზებზე მსჯელობას, ბოლო წლებში თბილისში მიმდინარე ურბანული აქტივიზმის მიღწევების და წარუმატებლობის ძირითადი მიზეზების ანალიზს. ქართველ აქტივისტებს და ურბანული საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის პრაღიდან, კიევიდან, სტამბულიდან და შტუტგარტიდან და საქართველოდან.

 

ფორუმზე მოწვეულ სტუმრებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შევეცადეთ კრიტიკულად შეგვეფასებინა პოლიტიკა, რომელმაც არსებითად შეცვალა ურბანული გარემო, მთლიანად მოერგო მსხვილი ბიზნესის პრიორიტეტებს და საგრძნობლად შეავიწროვა მოქალაქეთა ინტერესები. ასევე, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება იმ მწვავე მოთხოვნებზე, რომლებიც დღეს თანამედროვე ქალაქებში დგას და განვიხილეთ ამ მოთხოვნების რეალურ პოლიტიკაში შეღწევის შესაძლო გზები.  ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო კარლის უნივერსიტეტის (პრაღა, ჩეხეთი) პროფესორის, ლუდეკ სიკორას ლექცია ტრანზიციის მეორე სტადია: ნეოლიბერალური ურბანული განვითარების მახეები. მან დაწვრილებით ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სოციალიზმიდან კაპიტალისტურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად, გლობალიზაციის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე უდგას ქალაქებს. მანვე მოიყვანა არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევებს ევროპის (ძირითადად ჩეხეთის) ქალაქები.

ლუდეკ სიკორა: ტრანზიციის მეორე სტადია: ნეოლიბერალური ურბანული განვითარების მახეები

 

ურბანული აქტივიზმის მიღწევებსა და წარუმატებლობებზე მსჯელობას დაეთმო თბილისის მწვანე ფორუმის მეორე დღე. 28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა შტუტგარტი 21-ის მაგალითზე დაკვირვებოდა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროცესებს, რომელიც მასშტაბული ინფრასტრუქტურული პროექტის წინააღმდეგ საზოგადოების მრავალწლიან ბრძოლას გასდევდა თან. რა გამოწვევების წინაშე დგას ურბანული აქტივიზმი თბილისში? რა უნდა ვისწავლოთ სხვა ურბანული მოძრაობებისგან? რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ურბანული საკითხებით დაინტერესებულმა აქტივისტებმა, რათა მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს? ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ქართველი, უკრაინელი და გერმანელი მომხსენებლების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე ვიმსჯელეთ.

პატრიკ კაფკა: შტუტგარტი 21-ის მაგალითი: საზოგადოების წინააღმდეგობა და შედეგები

 

იგორ ტიშენკო: საზოგადოების ბრძოლა და ურბანული მობილიზაცია კიევში

 

ანანო ცინცაბაძე: ურბანული პროტესტი საქართველოში

 

საინტერესო იყო ფორუმის მესამე დღე, რომელიც მთლიანად პრაქტიკული გამოცდილების და უნარების გაზიარებას მიეძღვნა და ფოკუსირებული იყო ურბანული კამპანიების ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებაზე, საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებებთან სტრატეგიულ კომუნიკაციაზე. განხილული იქნა რამდენიმე ახალი იდეა, რომელთა წარმატებით განხორციელება შეიძლება მომავალში.

 

სამდღიანმა ფორუმმა ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში შეძლო შეეკრიბა განსხვავებული გამოცდილების მქონე აქტივისტები და მეცნიერები, რომლებსაც საშუალება ქონდათ თავიანთი ცოდნა, იდეები და ინიციატივები გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და  ემსჯელათ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიდგას დემოკრატიული, სამართლიანი და მგრადი ურბანული გარემოს შესაქმნელად.